თოვდა და თბილისს ებურა თალხი
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი
ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი
ისევ გოლგოთა სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა
მხოლოდ ღა თოვლი ცვიოდა ნელა
ეფინებოდა გმირების გვამებს,
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი
იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები
სად, ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა, და თვილისს ებურა თალხი
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
კოლაუ ნადირაძე
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი
ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი
ისევ გოლგოთა სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა
მხოლოდ ღა თოვლი ცვიოდა ნელა
ეფინებოდა გმირების გვამებს,
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი
იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები
სად, ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა, და თვილისს ებურა თალხი
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
კოლაუ ნადირაძე
ქართველი იუნკერების გმირობა
ხალხში გავრცელებული აზრის მიხედვით, მათი დიდი ნაწილი ტაბახმელას პოზიციებზე დაიღუპა და ცოცხლად მხოლოდ ერთეულები გადარჩნეს. თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. იუნკერთა ასეულმა, რომელიც 132 კურსანტს და 15-მდე ოფიცერს ითვლიდა დაღუპულების სახით სულ 12 ადამიანი დაკარგა. მათ წინააღმდეგ XI არმიის მთელი დივიზია იბრძოდა, თუმცა რუსებმა იუნკერების დამარცხება მაინც ვერ მოახერხეს. 1921 წელს თბილისის დაცვისას ქართულ არმიაში იუნკერები თითქმის ერთადერთი ნაწილი იყო, ვინც ბრძოლის დროს უკან არ დაიხია. იუნკერთა ასეთ გასაოცარ შედეგს მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს - სხვა ქართული ნაწილებისგან, სამხედრო სასწავლებელი რკინის დისციპლინით, უდიდესი თავდადებით და მაღალი სამხედრო მომზადების დონით გამოირჩეოდა.
-
მეფის რუსეთის დროს, თბილისში პლეხანოვის გამზირზე იუნკერთა სასწავლებელი იყო, სადაც არმიისთვის საშუალო რგოლის ოფიცრებს ამზადებდნენ. უმაღლეს სამხედრო სასწავლებელს დიდი ყურადღება ექცეოდა. ქართველ ოფიცერთა უმეტესობას, რომლებიც მეფის არმიაში მსახურობდნენ, სწორედ თბილისის იუნკერთა სასწავლებელი ჰქონდათ დამთავრებული. დამოუკიდებელობის გამოცხადების შემდეგ, იუნკერთა შენობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა და იგი ქართველ იუნკერთა სასწავლებლად გადაკეთდა.
სასწავლებელის გახსნის ინიციატორი გენერალი გიორგი კვინიტაძე იყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით, 1919 წლის აგვისტოში იგი იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელად დაინიშნა. მასვე დაავალეს მსმენელთა ჩარიცხვა და პედაგოგების შერჩევა. სასწავლებლის პირველი ხელმძღვანელი საქმეს ენთუზიაზმით შეუდგა. 1919 წლის აგვისტოში იუნკერთა სკოლამ მიღება დაიწყო. სასწავლებელს 90 მსმენელი უნდა მიეღო, რომელიც 4 ძირითად სპეციალობაზე განაწილდებოდა: 60 კურსანტი ქვეითი ჯარის განყოფილებაში ჩაირიცხებოდა, 15 არტილერიის საქმეს შეისწავლიდა, 10 კურსანტს საინჟინრო საქმეში მოამზადებდნენ, ხოლო 5 კავალერისტი იქნებოდა.
კურსანტები სკოლაში ორწლიანი სწავლების კურსს გადიოდნენ. პირველ კურსზე მსმენელი თეორიული და პრაქტიკულ მეცადინეობებით საერთო სამხედრო ხელოვნებას ეუფლებოდა. მეორე კურსზე კი ისინი ვიწრო სპეციალობას ითვისებდნენ.
იუნკერთა საშუალო ასაკი დაახლოებით 20-23 წელი იყო. სკოლაში ჩარიცხვამდე, ბევრ მათგანს საბრძოლო გამოცდილება უკვე მიღებული ჰქონდა. პირველი მსოფლიო ომის დროს, მათი უმრავლესობა კავკასიის ფრონტზე რუსეთის არმიის შემადგენლობაში ირიცხებოდა. ზოგი 1918 წელს სომხეთ-საქართველოს კონფლიქტშიც მონაწილეობდა. ზოგი კი ახალციხე-არდაგანის კამპანიაში იბრძოდა, სადაც გიორგი კვინიტაძის მეთაურობით ქართულმა არმიამ სამცხელი ბეგების სეპარატისტული გამოსვლა ჩააქრო.
მომავალი ოფიცრები სკოლაში ცხოვრობდნენ. სასწავლებელში დღე დილის 6 საათზე იწყებოდა. იუნკერებს სამხედრო ისტორიას, ტოპოგრაფიას, ფორტიფიკაციას, ტაქტიკას და სხვა სამხედრო საგნებს ასწავლიდნენ. დილით თეორიული მეცადინეობა იმართებოდა, შუადღის შემდეგ კი სროლაში, ჯირითსა და სამწყობრო საქმეში ავარჯიშებდნენ. სკოლის პროგრამაში საერო საგნებიც შედიოდა. ისტორიის ლექციებს უნივერსიტეტის პროფესორი ივანე ჯავახიშვილი კითხულობდა, მწერალი ვასილ ბარნოვი კი იუნკერებს ლიტერატურაზე ესაუბრებოდა. სკოლის ხელმძღვანელი გიორგი კვინიტაძე მომავალ ოფიცრებს ტაქტიკისა და სამხედრო ისტორიის კურსს უკითხავდა.
მასწავლებლებს შორის, რომლებსაც იუნკერებისთვის სამხედრო საქმე უნდა ესწავლებინათ, ძალიან ცოტა იყო ისეთი, ვინც ქართული იცოდა. მათი უმეტესობა წლების განმავლობაში მსახურობდა რუსეთის არმიაში და ქართულად ან საერთო ვერ მეტყველებდნენ, ან ძალიან ცუდად საუბრობდნენ. ამის გამო, მასწავლებლები სკოლაში სამ ჯგუფად დაჰყვეს: პირველ ჯგუფში ისეთი პროფესორები იყვნენ, რომლებმაც სრულიად არ იცოდნენ ქართული და თავის საგანს რუსულად კითხულობდნენ და ამავე ენაზე იღებდნენ იუნკერებისგან პასუხებს. მეორე ჯგუფს ლექციები რუსულად მიჰყავდა, მაგრამ ქართული ესმოდა და ამ ენაზე იღებდა პასუხებს. და ბოლოს მესამე ჯგუფი, რომლებმაც ქართული გამართულად იცოდნენ.
ქართული ენის არცოდნის მიუხედავად, პროფესორთა უმრავლესობა სამშობლოს ნამდვილი პატრიოტი იყო. მასწავლებლებს სკოლაში სასაცილო ხელფასს უხდიდნენ. მათი ანაზღაურება ტრამვაის ბილეთსაც კი არ ყოფნიდა, მაგრამ ისინი ქვეყნის წინაშე თავის მოვალეობას პირნათლად იხდიდნენ. მაგალითად, სკოლის ხელმძღვანელი გენერალი გიორგი კვინიტაძე თვეში 9 ათას მანეთს იღებდა. 1919 წელს თბილისში გირვანქა პური 750, კილოგრამი კარაქი 4 ათასი, ხოლო ხორცი 12 ათასი მანეთი ღირდა. თავად კვინიტაძე თავის მოგონებებში იმ წლებს ასე იხსენებს: "ოჯახი ამ სახსრებით ცხოვრებას ვერ შეძლებდა და იმ ზამთარს იძულებული გავხდი, ჩემი ხალიჩები ნახევარ მილიონზე ცოტა მეტად გამეყიდა. შემოდგომაზე უფროსკლასელმა იუნკერებმა ოქროს ზარნიშიანი ხანჯალი მისახსოვრეს. იუნკერები მთავრობაზე გულუხვები აღმოჩნდნენ. 9 ათასი მანეთი მცირე თანხა იყო, მაგრამ იუნკერების მიტოვება მაინც არ მიფიქრია. ამიტომ დღეში ორჯერ, დილა-საღამოს მესანგრეთა ქუჩიდან პლეხანოვის გამზირზე მდებარე სამხედრო სკოლაში სიარული არ შემიწყვეტია. ეს ძალიან მღლიდა, მაგრამ ტრამვაიზე ფულს ვერ ვხარჯავდი, რადგან ეს საგრძნობლად დაეტყობოდა ოჯახის ბიუჯეტს."
საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი სამხედროები თავის მოვალეობას მაინც პირნათლად ასრულებდნენ. ამის მაგალითი იუნკერთა ახალგახსნილი სკოლა იყო, სადაც გაჭირვების მიუხედავად სასწავლო პროცესი ერთი დღითაც არ შეწყვეტილა. ქართულ არმიაში იუნკერებს გამორჩეული ადგილი ეკავათ. ეს იყო ყველაზე დისციპლინირებული და ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფი. ლამაზ ფორმაში გამოწყობილ ახალგაზრდა კურსანტებს, საზოგადოება სიყვარულით ეკიდებოდა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ სკოლის ჯარისკაცს ქალაქში სადმე წესრიგი დაერღვიოს. თბილისში უცხოური დელეგაციის ჩამოსვლისას, იუნკერებს როგორც საჩვენებელ ნაწილს, საპატიო ყარაულში აყენებდნენ.
მომავალი ოფიცრების გარდა, იუნკერთა სასწავლებელი უნტერ-ოფიცრებსაც ამზადებდა. იმ პერიოდში, უნტერ-ოფიცრებს ქართული შესატყვისი - ნაცვლები ერქვათ (დღევანდელი სერჟანტები). ნაცვალთა კურსებზე სკოლამ პირველი შევსება 1919 წლის 15 ნოემბერს მიიღო - დაახლოებით 800 მსმენელი. იუნკერებისგან განსხვავებით, ნაცვალთა კურსი სულ 6 თვე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც მათ მოქმედ არმიაში ანაწილებდნენ.
1919 წლის 27 აპრილს გიორგი კვინიტაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა. მის ნაცვლად სასწავლებლის ხელმძღვანელი გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი გახდა. სკოლიდან კვინიტაძის წასვლა იუნკერთა შენაერთის პირველ საბრძოლო ნათლობას დაემთხვა.
1920 წლის აპრილის მიწურულს აზერბაიჯანის ძალისმიერი გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკურმა რუსეთმა მსგავსი ოპერაციის ჩატარება საქართველოს წინააღმდეგაც გადაწყვიტა. 30 აპრილს XI არმიის მეწინავე ნაწილები საქართველოს საზღვარს მოადგნენ. ფოილოს სარკინიგზო ხიდთან ქართულ ნაწილებთან პირველი შეტაკება მოხდა.
წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, საზღვარზე სამხედრო მოქმედებების პარალელურად, თბილისში ადგილობრივ კომუნისტებს მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები უნდა მოეწყოთ და სტრატეგიული ობიექტები დაეკავებინათ. 1920 წლის 1 მაისს დაახლოებით ღამის 2 საათზე, ბოლშევიკებმა იუნკერთა სამხედრო სკოლაზე თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის მიზანს, იუნკერებისა და ნაცვალთა ბატალიონის ბოლშევიკთა მხარეზე გადაბირება და სასწავლებელში არსებული იარაღის ხელში ჩაგდება წარმოადგენდა.
ბოლშევიკთა რიცხვი დაახლოებით 30 ადამიანი იყო. მაუზერებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული თავდამსხმელები ყაზარმებში შევარდნენ და იარაღის საწყობის დაუფლებას შეეცადნენ. თუმცა, იუნკერებმა მათი განეიტრალება შეძლეს. ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ, კურსანტებმა სკოლა გაათავისუფლეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა იუნკერი მიხეილ მაყაშვილი.
კავბიუროს ხელმძღვანელმა სერგო ორჯონიკიძემ თბილისში მომხდარი ინციდენტის შესახებ მოსკოვში შემდეგი შინაარსის დეპეშა გააგზავნა:
1920 წლის 8 მაისი ორჯონიკიძის დეპეშა ლენინს:
"2 მაისს ჯარისკაცთა აღშფოთების ნიადაგზე თბილისში ადგილი ჰქონდა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას, მაგრამ წარუმატებლად. ჩვენი მხრიდან მოკლულია ერთი, დაჭრილია ორი, ხოლო სამი დაპატიმრებულია. სანდრო მახარაძე, რომელიც ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა გადარჩა. მთავრობა დღეს ქალაქში საალყო წესებს აცხადებს."
თავდასხმიდან მეორე დღეს სკოლაში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, სამხედრო შტაბის უფროსი ალექსანდრე ზაქარიაძე მივიდნენ და იუნკერებს სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადეს.
4 მაისს დამფუძნებელ კრებაზე ეს ფაქტი საგანგებოდ აღნიშნეს. სპეციალური მოხსენება, სხდომის თავმჯდომარემ სოციალ-ფედერალისტმა სიმონ მდივანმა გააკეთა. დეპუტატებმა დაღუპული იუნკერის - მიხეილ მაყაშვილს ხსოვნას პატივი ფეხზე ადგომით მიაგეს.
ბოლშევიკების თავდასხმის მოგერიებიდან ორ კვირაში იუნკერთა სასწავლებელმა სადახლოს სადგურზე გამგზავრების ბრძანება მიიღო. საქართველოს მთავარსარდალი იუნკერების საშუალებით რეზერვს ქმნიდა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში XI არმიის წინააღმდეგ გამოიყენებდა. თუმცა, კურსანტებს 1920 წლის მაისში რუსებთან ბრძოლა არ მოუწიათ. საქართველოსა და რუსეთს შორის დადებული საზავო ხელშეკრულების შემდეგ, საზღვარზე ბრძოლები შეწყდა. სადახლოსთან იუნკერთა სკოლა ერთი თვე იმყოფებოდა, რის შემდეგაც ისინი თბილისში დააბრუნეს.
1920 წელს იუნკერებს ბოლშევიკთა წინააღმდეგ გამოსვლა კიდევ ერთხელ მოუწიათ. 16 ივლისს სასწავლებელის პირადი შემადგენლობა ლაგოდეხში გააგზავნეს, სადაც ბოლშევიკმა აგიტატორებმა მე-6 პოლკის ჯარისკაცთა აჯანყება მოახერხეს. იუნკერებმა აჯანყება სწრაფად ჩააქრეს - კურსანტებმა დარაჯები განაიარაღეს და ამბოხებულებს დანებება აიძულეს.
1921 წლის 11 თებერვალს საქართველოს სამხრეთში მდებარე ლორეს რაიონში ბოლშევიკებმა შეიარაღებული პროვოკაცია მოაწყეს, რომელიც სახალხო აჯანყებად მონათლეს. "აჯანყებულებს" დახმარება სომხეთში დისლოცირებულმა XI წითელი არმიის ნაწილება გაუწიეს. ბოლშევიკებმა სწრაფად დაიკავეს ბორჩალოს მაზრა და შულავერი აიღეს. წითლებმა საქართველოს აზერბაიჯანის მხრიდანაც შეუტიეს. ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ომის პირველსავე დღეებში იუნკერებმა ფრონტზე გაგზავნა მოითხოვეს, მაგრამ თავდაპირველად სკოლამ ამაზე უარი მიიღო. კურსანტები სასწავლებლის უფროსის გენერალ ანდრონიკაშვილის სახელზე პატაკებს ყოველ დღე წერდნენ. შინაარსი ყველგან ერთი და იგივე იყო: "ვინაიდან სკოლას ფრონტზედ არა ჰგზავნიან, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმავლინოთ მოქმედ ნაწილში."
17 თებერვალს დილის 5 საათზე მოვიდა ბრძანება: "სამხედრო სკოლა საჩქაროდ გამოვიდეს ტაბახმელას პოზიციებზე". სამხედრო სკოლას ფრონტზე 560 მებრძოლი გაჰყავდა. მათ შორის: იუნკერთა ორი ქვეითი ასეული (152 მებრძოლი), უნტერ-ოფიცერთა ბატალიონი (350 კურსანტი), არტილერისტთა გუნდი (15 მებრძოლი), საინჟინრო ნაწილი (10 მებრძოლი) და კავალერია (5 ცხენოსანი). შაშხანების გარდა, იუნკერთა შეიარაღებაში შედიოდა: ორი სამთო, ორი საველე ზარბაზანი და ექვსი ტყვიამრფქვევი.
საბრძოლო ლაშქრობისთვის იუნკერები სასწავლებლის ეზოში დილის 11 საათზე და 30 წუთზე გამწკრივდნენ. სამხედრო ორკესტრმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა, რის შემდეგაც კურსანტებს სიტყვით სკოლის ხელმძღვანელმა გენერალმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა მიმართა: "ყმაწვილებო! ბედნიერი ვარ მოგილოცოთ, რომ საშუალება გეძლევათ თქვენი მოქმედებით დაადასტუროთ თქვენი სურვილი სამშობლოს სამსახურისა. მე, თქვენ მასწავლებელს და უფროსს ეჭვი არ მეპარება, რომ ზუსტად შეასრულებთ მხედრულ მოვალეობას და პირნათლად წასდგებით ქართული ისტორიის სამსჯავროს წინაშე. არ დაივიწყოთ ველად ყოფნისას, რომ ყოველ თქვენს ნაბიჯს მოწმედ ეყოლება იგივე ცა, მიწა და ბუნება, რომელიც არაერთხელ გაკვირვებულა ქართველ გმირობით და უდრეკლობით სიკვდილის წინაშე. გაუმარჯოს ჩვენს საქმეს, გაუმარჯოს საქართველოს და ქართულ ჯარს ვაშა!"
იუნკერებს ფრონტზე მთელი ქალაქი აცილებდა. კურსანტები ხალხის მასას ძლივს მიარღვევდნენ. ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა, ყველა გარეთ გამოსულიყო. მოქალაქეები მებრძოლებს ხილს, თუთუნს, ნამცხვარს და ტკბილეულს აწვდიდნენ. სკოლის კოლონას ცხენით ანდრონიკაშვილი და სასწავლებლის ოფიცრები მიუძღოდნენ. შემდეგ მოდიოდნენ ქვეითები, არტილერისტები და ცხენოსნები. მწკრივს სულ ბოლოს უნტერ-ოფიცერთა ახალწვეული ბატალიონი მიყვებოდა.
საბრძოლო პოზიციები იუნკერებმა 17 საათზე დაიკავეს. კურსანტებს ტაბახმელადან კოჯრამდე არსებული 8 კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა დაეცვათ. ჯერ კიდევ 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, რუსეთის სარდლობამ კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად, თბილისის სამხრეთით თავდაცვითი ხაზი შექმნა. ტაბახმელას ქედზე სანგრების სისტემა გათხარეს. ეს სანგრები 1921 წელსაც არსებობდა. თბილისის თავდაცვის გეგმაში იუნკერებს მნიშვნელოვანი პოზიცია ეკავათ. ისინი დედაქალაქის მარჯვენა ფრთას ამაგრებდნენ.
თბილისის დაცვის ხაზი სამ ძირითად რაიონად იყოფოდა. პირველი სექტორი სოფელ კოჯორიდან - თელეთის მონასტრამდე გადიოდა. ამ მონაკვეთის ხელმძღვანელად საქართველოს მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ იუნკერთა სკოლის უფროსი გენერალი ანდრონიკაშვილი დანიშნა. ანდრონიკაშვილის განკარგულებაში ოთხი საარმიო პოლკი და გვარდიის ოთხი ბატალიონი იყო. მასვე ემორჩილებოდა ტაბახმელაში განლაგებული იუნკერთა სასწავლებელიც, რომლის უფროსად კვინიტაძის სიძე - პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე დანიშნეს.
მეორე სექტორი, სოღანლუღის რაიონი - გენერალ გიორგი მაზნიაშვილს ებარა და იგი თელეთიდან მდინარე მტკვრამდე გადიოდა. ამ ხაზს არმიის სამი ქვეითთა პოლკი, გვარდიის დაახლოებით 5 ბატალიონი და ჯავშნოსანი მატარებელი იცავდა.
მარცხენა ფრთის დაცვა სახალხო გვარდიის გენერალ ჯიჯიხიას ებარა. სექტორი მდინარე მტკვრის მაცხენა სანაპიროდან სოფელ ლილომდე მიდიოდა და იქ ძირითადად გვარდიის ნაწილები იყო თავმოყრილი.
17 თებერვლის ღამემ იუნკერთა პოზიციებზე მშვიდად ჩაიარა. რუსების მაგივრად, კურსანტებს სიცივე აწუხებდათ. ყინვა 8-9 გრადუსს აღწევდა. თბილი ტანსაცმლის გარეშე მყოფი მებრძოლები სანგარში გათბობას სიმღერითა და ცეკვით ცდილობდნენ. იუნკერი მათიკაშვილი: "გვეცვა საზაფხულო სამოსზე თხელი, წყლის გაუმტარი, სითბოს მოკლებული ხელოვნური იტალური ქსოვილისგან შეკერილი პალტოები. დღისით სანგარში ყოფნისას ტანსაცმელი წყლით იჟღინთებოდა, ღამით ფიცარივით იყინებოდა და იარაღის ხმარებას გვიშლიდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, საომარი სული მაღალი იყო. სანგრებში დამალვის ნაცვლად ხშირად სანგრების ნაპირზე ვდგებოდით ხოლმე. როცა ნისლი ჩამოწვებოდა, ხანდახან წრეს შევკრავდით და სიმღერა და ცეკვა წამოგვიწყია. ვმღეროდით "ქართველო ხელი ხმალს იკარ", "მუმლი მუხასაო", "გაფრინდი შავო მერცხალო".
ბოლშევიკებს ტაბახმელას პოზიციებზე იერიში არც მეორე დღეს მიუტანიათ. იუნკერები სანგარში იცვლებოდნენ, იარაღს წმენდნენ და ისვენებდნენ. ამ დღეს კურსანტებს რუსების ნაცვლად მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია და მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე ეწვივნენ. 18 თებერვალს XI არმია ტაბახმელას ნაცვლად დედაქალაქის დაცვის ცენტრს, სოღანლუღთან გამაგრებულ მაზნიაშვილის ნაწილებს უტევდა. თუმცა რუსებმა ფრონტის გარღვევა ვერ შეძლეს - კონტრიერიშზე გადასულმა ქართველებმა წითლების მთელი დივიზია გაანადგურეს და ტყვედ 1 600 რუსი ჯარისკაცი აიყვანეს.
იუნკერთა პოზიციებზე პირველი მასირებული შეტევა 19 თებერვალს დაიწყო. როდესაც ბოლშევიკებმა სოღანლუღთან მაზნიაშვილის დაცვა ვერ გაარღვიეს, მათ მთელი ძალები ტაბახმელას მონაკვეთისკენ მიმართეს. მტერმა იერიში დილის 8 საათზე განახორციელეს. იუნკერთა რიგებში პირველი მსხვერპლი გამოჩნდა - მოკლეს მაიორი ანანიაშვილი. რუსებმა პოზიციების საარტილერიო დამუშავება დაიწყეს, თუმცა ამას კურსანტებში შიში არ გამოუწვევია. ტაბახმელაზე იუნკერთა მეთაური პოლკოვნიკი ჩხეიძე თავის მოგონებებში ამ მომენტს ასე აღწერს: "ჩვენს სანგრებთან მოწინააღმდეგის არიერგარდი გამოჩნდა. მცირე სროლის შემდეგ ისინი თვალს მოეფარნენ. თუმცა, მტრის არტილერია უკვე უშენდა ყუმბარებს ჩვენს პოზიციებს. მალე დაიწყო მტრის შემოტევა ფართო ფრონტით. იუნკერთა მოსანახულებლად სანგრებში ჩავედი. არავითარი შიში. როდესაც ერთ იუნკერს რაღაც შევეკითხე, იგი სროლის მიუხედავად ფეხზე წამოდგა და გაჭიმული მპასუხობდა."
12 საათისთვის მოწინააღმდეგე ხიშტით შეტევაზე გადმოვიდა, მაგრამ სანგრებამდე ვერ მიაღწია. იუნკერთა ტყვიამფქვევმა მტერი შეაჩერა. რამდენიმე საათში მდგომარეობა გართულდა. რუსებმა იუნკერების გვერდით სახალხო გვარდიის პოზიციები გაარღვიეს და სოფელი წავკისი დაიკავეს. კურსანტების ერთი ოცეული გაშლილ მინდორზე საპასუხო კონტრიერიშზე გადავიდა. მიუხედავად მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ინტენსიური ცეცხლისა, არც ერთი იუნკერი არ დაწოლილა. ხელჩართულ ბრძოლაში 23-მა იუნკერმა მოწინააღმდეგის ასეულის დამარცხება შეძლო. მტერი უკუიქცა და ბრძოლის ველზე უამრავი მოკლული დატოვა. იუნკერთა მხრიდან 8 კაცი დაიღუპა. მათ შორის კაპიტანი ქარუმიძე და კაპიტანი თოიძე.
იუნკერებთან ერთად 19 თებერვალს დაიღუპა მოწყალების და მარო მაყაშვილიც. იგი საარტილერიო დაბომბვას შეეწირა. მარო, რომელიც ცნობილი პოეტის კოტე მაყაშვილის შვილი იყო, ფრონტზე მოხალისედ ჩაეწერა. უნივერსიტეტის სიტყვიერებისა და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტისთვის, სამშობლო ყველაფერზე წინ იდგა. მას პატრიოტიზმის გამძაფრებული გრძობა ჰქონდა. საქართველოს ყველა ომი და უბედურება მისი პირადი სატკივარი ხდებოდა. დღიურშიც კი, სადაც გოგოები ძირითადად რომანტიული ხასიათის ჩანაწერებს აკეთებენ, მარო საქართველოს პრობლემებზე წერდა. როდესაც ომი დაიწყო, მარო წითელი ჯვრის რაზმში ისე ჩაეწერა, რომ ოჯახში არავინ იცოდა. მშობლებმა მისი გადარწმუნება ვერ შეძლეს. ბოლო წერილი მარო მაყაშვილმა სახლში 18 თებერვლის საღამოს გააგზავნა. როდესაც მეორე დღეს ოჯახის წევრებმა წერილი მიიღეს, მარო უკვე ცოცხალი აღარ იყო: "ჩვენ ახლა ტაბახმელაში ვართ. იუნკერებს მიგვაწერეს. მათთან ერთად ვივლით. დარდი ნუ გაქვს. მტერი ძალიან შორს არის. ძალიან სცხებენ ჩვენები. სად არის შალიკო? იქნებ წითელი ჯვრიდან წერილით მაცნობოთ, ძალიან ვწუხვარ. თუ ჩვენებისკენ რომელიმე სანიტარული რაზმი მოდის, ასეთი მისამართით მაცნობეთ: შემხვევთა მეორე რაზმი, ექიმ ხოჭოლავასი. ღამე სადღაც დუქანში გავატარეთ, მთელი ღამე არ გვეძინა. ჯერჯერობით სროლა არ ისმის. აქ კარგ პიროვნებებთან ვარ. თქვენს თავს გაუფრთხილდით... ამ ერთ საათში ზევითკენ მივდივარ. შესაძლებელია კოჯორში არ წავიდეთ, არამედ დაბლა ტაბახმელაში. გკოცნით ბევრს. ცოტა თბილი თუ შესაძლებელია და რამე ტკბილი გამომიგზავნეთ. ნუ გეშინიათ გავიმარჯვებთ სახელოვნად. თქვენი მარო."
მარო მაყაშვილი 23 თებერვალს ბრძოლაში დაღუპულ იუნკერებთან ერთად თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე მდებარე სამხედრო ტაძრის გალავანში დაასაფლავეს.
ბოლშევიკების გააფთრებული იერიშების მიუხედავად, იუნკერებმა პოზიციების შენარჩუნება შეძლეს. კურსანტთა მცირე რაზმს, რუსების თითქმის მთელი დივიზია უტევდა. ქართველი მებრძოლები ყოველ დღე მტრის სამ შეტევას მაინც იგერიებდნენ. მოწინააღმდეგის გარდა, იუნკერები სახალხო გვარდიასაც ებრძოდნენ. პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე: "22 თუ 23 თებერვალს გვარდიის უფროსმა ვალიკო ჯუღელმა გვარდიელების ორი ძალიან დიდი შემადგენლობა მოიყვანა. მათ დაავალეს მე-2 და მე-3 სანგრებში იუნკერების გამოცვლა. ჩემი ახალგაზრდები წამოვიდნენ შენობებში ანუ გვარდიელების ზურგში. ბრძოლა არ წარმოებდა და იყო სრული სიჩუმე. იუნკერებს ნაბრძანები ჰქონდათ თვალი ედევნებინათ გვარდიელებისათვის, რადგან მათ ჩვევად ჰქონდათ ღამ-ღამობით სანგრების მიტოვება და ზურგში წამოსვლა. ჩვენს სანგრებში ცვლა მტერმა შეამჩნია და რამდენიმე ჭურვი ისროლა. გვარდიელებს დიდხანს აღარ უფიქრიათ და სანგრებიდან გამოვარდნენ. ამ დროს კაპიტანმა შავდიამ წამოაყენა იუნკერები და "ვაშას" ძახილით გვარდიის წინააღმდეგ შეტევაზე გადაიყვანა. არ დაუზოგიათ არ "ტკბილი" სიტყვები და არც კონდახები. ისევ უკან სანგრებში შერეკეს და გააფრთხილეს, რომ მეორედ მათ წინააღმდეგ ცეცხლს გახსნიდნენ."
24 თებერვალს იუნკერთა 152 მებრძოლიდან მწყობრში მხოლოდ 85 იყო დარჩენილი. XI არმია გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. ტაბახმელაზე გადაისროლეს ბაქოს წითელ კურსანტთა ბრიგადა. ბოლშევიკურ არმიაში ბაქოელი კურსანტები ელიტურ ნაწილად ითვლებოდნენ. მომავალ წითელ ოფიცრებს ბრძოლის დროს ყველაზე რთულ უბანზე აგზავნიდნენ. იდეოლოგიურად მომზადებული კურსანტები უკან არასდროს იხევდნენ და მიღებულ დავალებას თითქმის ყოველთვის ასრულებდნენ.
კურსანტთა პოლკი კომკავშირლებით იყო დაკომპლექტებული. პოლკის პოლიტმეთაური ქართველი კომკავშირელი, საქართველოდან კომუნისტური პროპაგანდისთვის გაძევებული ბორის ძნელაძე იყო.
გააფთრებული ბრძოლების შედეგად, წითელმა კურსანტებმა ნაცვალთა ბატალიონის შევიწროვება მოახერხეს და მათი სანგარი დაიკავეს. ღია მინდორზე კონტრიერიშზე გადასულ ქართველ იუნკერებს რუსებმა დაკავებული სანგრიდან ტყვიამფქვევით უპასუხეს. უეჭველი სიკვდილისგან იუნკერთა ასეული კურსანტმა შალვა ერისთავმა იხსნა იგი სანგარში შევარდა, ხიშტით განგმირა მემიზნე ოფიცერი და ტყვიამფქვევი საკუთარი სხეულით დაფარა. ქართველებმა სანგარი დაიბრუნეს.
1921 წლის 24 თებერვალს იუნკერებთან ბრძოლაში, ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკმა პირადი შემადგენლობის თითქმის ნახევარი დაკარგა. მძიმე დანაკლისი იყო იუნკერთა შორისაც. დაიღუპა იუნკერი შალვა ერისთავი, ოთარ ლორთქიფანიძე, იოსებ ჯანდიერი. დაიჭრა კაპიტანი შავდია, ოფიცრები ჩოჩუა და ხოშტარია. საერთო ჯამში იმ დღეს იუნკერთა რიგებში დაჭრილ-დახოცილთა რიცხვმა 35 კაცს მიაღწია. ამის მიუხედავად პოზიციებს კვლავ ქართული ნაწილები აკონტროლებდნენ. 8 დღის განმავლობაში იუნკერებმა რუსებს ტაბახმელასთან გამართული ყველა შეტაკება მოუგეს.
უმაგალითო გმირობის მაგალითი აჩვენა იუნკერთა ოფიცერმა ყიფიანმა. მისმა ნაწილმა, რომელიც ძირითადად მოხალისე მებრძოლებისაგან შედგებოდა, მტრის შეტევას ვერ გაუძლო და პოზიციების დატოვება დაიწყო. ამის შემხედვარე ყიფიანმა ნაგანიდან მკერდში ოთხი ტყვია დაიხალა. იგი ძლივს გამოათრიეს სანგრიდან. საბედნიეროდ ჭრილობები სასიკვდილო არ აღმოჩნდა. როდესაც პოლკოვნიკმა ჩხეიძემ მას ჰკითხა თუ რატომ მოიქცა იგი ასე, ყიფიანმა უპასუხა: "ბატონო პოლკოვნიკო, მე ვერ შევასრულე თქვენი ბრძანება და ეხლა ყველას შეუძლია თქვას, რომ კაპიტან ყიფიანს ბრძოლაში ჯარისკაცები გამოექცნენ!"
ტაბახმელას ბრძოლებში იუნკერთა სკოლიდან მოკლეს ორი ოფიცერი და 7 დაიჭრა. იუნკერებში მოკლეს 10 მებრძოლი და 43 დაიჭრა. ყველაზე დიდი დანაკარგი სასწავლებელმა უნტერ-ოფიცერთა ახალწვეულ ბატალიონში მიიღო, სადაც პირადი შემადგენლობის 35-40 პროცენტი დაიღუპა და დაიჭრა.
ბრძოლაში დამატებითი ძალების ჩართვის მიუხედავად, რუსებმა ტაბახმელას აღება ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, კომუნისტებმა სოღანლუღის და ლილოს მონაკვეთზე ქართული ნაწილების შევიწროება მოახერხეს. თბილისს ალყის საფრთხე დაემუქრა. ამის გამო, მთავარსარდალმა დედაქალაქის დაცლის და მთავრობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.
იუნკერებს პოზიციების დატოვების ბრძანება 24 თებერვალს ღამის 12 საათზე მიუვიდათ. კურსანტები ქალაქს ყველაზე ბოლოს ტოვებდნენ. იუნკერი მათიკაშვილი: "კოჯრიდან თბილისისკენ მოკლე ბილიკებით დავეშვით. თენდებოდა სოლოლაკში რომ შევედით. ქალაქის ქუჩებში სიჩუმე სუფევდა. შენობები ლილისფერი ჯანღით იყო მოსილი. რომელიღაც ეზოდან ცოცხიანი მეეზოვე გამობარბაცდა. შეკითხვაზე ჯარებს ხომ არ გაუვლიათო, გვიპასუხა კარგა ხანია რაც ჩაიარესო..."
იუნკერთა სკოლას სამთავრობო მატარებლის დაცვა დაევალა, რომელიც ბათუმის მიმართულებით მიდიოდა. გზაზე სრული ქაოსი სუფევდა. თბილისიდან გამოქცეული ქართული არმია გაშლილ მინდვრებში ფარასავით მიდიოდა. დეზერტირობამ და დაუმორჩილებლობამ ჯარისკაცთა რიგებში მასიური ხასიათი მიიღო. იუნკერი თოხაძე: "გზაზე გავედით. ყველგან მიტოვებული ტექნიკა ეყარა. საკეტმოხსნილი ზარბაზნები, საბარგულები, მანქანები. გზა-გზა ვგებულობდით, რომ სოფელ-სოფელ ბოლშევიკთა აგენტები დაძვრებოდნენ, ხალხს აჯანყებდნენ და მემამულეთა და შეძლებულ გლეხთა დარბევაზე აქეზებდნენ. ოღონდ ხალხი გარინდული იყო და მათ ჩიჩინს ყურადღებას არ აქცევდა."
25 თებერვალს ბოლშევიკებმა თბილისი დაიკავეს. XI არმიის სხვა ნაწილებთან ერთად საქართველოს დედაქალაქში შემოვიდა ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკიც. კურსანტები პლეხანოვზე, ქართველ იუნკერთა სკოლაში განთავსდნენ. ქალაქის ახალმა კომენდანტმა მათ თბილისის ქუჩების პატრულირება და წესრიგის დაცვა დაევალათ.
იუნკერები კი ამ დროს უკვე ბათუმში იყვნენ. ნოე ჟორდანიას მთავრობა საქართველოს ტოვებდა და ემიგრაციაში მიემგზავრებოდა. იუნკერებს გამოუცხადეს, რომ სურვილის შემთხვევაში მათ სამშობლოს დატოვება შეეძლოთ. იუნკერი მათიკაშვილი: "ორ ნავში მოვთავსდით და რამდენიმე წუთში გემბანზე აღვმოჩნდით. თქვენთვის უკანა ნაწილის სარდაფებია დანიშნულიო - გამოგვიცხადეს, მაგრამ ძირს არავინ ჩასულა. დავრჩით გემბანზე და მოაჯირს მიყრდნობილი ბათუმს გავცქეროდით. იქიდან ზარბაზნების გვრგვინვა და ტყვიამფქვევთა კაკანი ისმოდა. ქალაქში აქა-იქ რაღაცა იწვოდა. მეზღვაურები გემზე რაღაცას ტვირთავდნენ. ტირილით არავის გვიტირია, მაგრამ გულს მოწოლილი სევდა გვახრჩობდა. დიდხანს შუაღამემდის ვიდექით გემბანზე, ვიდრე მეზღვაურებმა არ დამთავრეს გემზე ხალხისა და ბარგის მიღება.
ღუზები ხრიალით ამოყარეს წყლიდან და მანქანები ამუშავდნენ. შეტოკდა გემი. ნელ-ნელა მოსწყდა ადგილს და თანდათანობით აჩქარებით წყვდიადს შეერია. რაც კი გვქონდა სამხედრო მოწყობილობა ვაზნები და საკეტმოტეხილი თოფები ზღვაში გადავყარეთ. დილით ნაპირი უკვე აღარ ჩანდა."
მიხეილ ბასილაძე
მარიამ (მაყო) მაყაშვილი წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია რუსთაველის გამზირზე). შემორჩენილია მაყაშვილის დღიურები და წერილები.
კოტე მაყაშვილსა და ცნობილი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის ასულს, თამარს, 5 შვილი ჰყავდათ. მარო მაყაშვილი მათი პირმშო იყო.
1921 წელს, როდესაც თბილისს მე-11 არმია მოუახლოვდა, ქართველი ახალგაზრდების ყველაზე გულმხურვალე, რჩეული ნაწილი კოჯორ-ტაბახმელასაკენ დაიძრა, რათა საკუთარი მკერდით შეეკავებინა სამშობლოსაკენ მიმართული მტრის ტყვია. გამონაკლისი ამ მხრივ არც მაყაშვილების ოჯახი ყოფილა: ჯერ უფროსი ვაჟი, შალვა გაემართა ბრძოლის ველზე. სულ მალე კი, მშობლების ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, მაროც მის გზას დაადგა. ის ამ დროს უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი იყო.
17 თებერვალს ჩაეწერა წითელ ჯვარში, სულ რაღაც 2 დღის შემდეგ, მის გვერდით გამსკდარმა ყუმბარამ შეიწირა მარო მაყაშვილის ლამაზი სიცოცხლე. ამ ამბის გამგები კოტე მაყაშვილი ერთ ღამეში გაჭაღარავებულა თურმე.
1921 წლის 23 თებერვალს, დღის 12 საათზე, ქაშუეთის ეკლესიის პირდაპირ მდებარე სამხედრო ტაძრის გალავანთან დაკრძალეს კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში გმირულად დაღუპული იუნკრები. მარო მაყაშვილის ცხედარი ყველაზე თვალსაჩინო და გამორჩეულ ადგილას დაუკრძალავთ. (ცნობილია, რომ ამ ტაძრის საძირკველზე შემდეგ მთავრობის სასახლე აშენდა.) მთელი თბილისი და საქართველო გლოვობდა არა მარტო უდროოდ დაღუპული შვილების, არამედ იმ საფრთხის გამოც, რომელიც ქვეყანას კარს მოსდგომოდა.
მოგვიანებით, ზაქარია ფალიაშვილს ”დაისის” მთავარი გმირისთვის მარო სწორედ მაყაშვილების ასულის პატივსაცემად დაურქმევია. მისი სათნოება, ღვთისმოსაობა, კეთილშობილება ქართველ შემოქმედთათვის შთაგონების წყარო გამხდარა. მას ხშირად იხსენიებდნენ ნინოს, თამარის, ქეთევანის გვერდით, ”ქართველ ჟანა დარკსაც” ეძახდნენ მანამ, სანამ საქართველოში ბოლშევიზმი მოიკიდებდა ფეხს და კოჯორ-ტაბახმელას გმირების ხსენებაც კი საშიში არ გახდებოდა.
გაზაფხული
დიდი ძილის შემდეგ ამოჰყო მზემ თავი, თვალები დაისრისა, ზარმაცად გადმოხედა დედამიწას და
გაიფიქრა:
„ნეტა რას აკეთებენ იქ, დიდიხანია, არ ჩამიხედნია“. დედამიწამაც იგრძნო სითბო და ნელ-ნელა გადიხადა თვისი თბილი საბანი. აჩუხჩუხდნენ რუები, აღელდნენ ხეები, მოუთმენლად ელოდნენ თავიანთ კეკლუც კაბებს. ცამაც გადიფარა ცისფერი სარტყელი. გაცოცხლდა ბუნება და გააცოცხლა სულდგმულიც. ჭიაღუამ აიდგა ფეხი და მუშაობას შეუდგა. ფრინველები თანდათან იკრიბებიან შორეული ქვეყნებიდან და ერთმანეთში ჭორიკანობენ. საღამო მშვენიერი არის. მთვარე მფლობელი ღამის სივრცისა დაბრძანდება თავის ციმციმა ამალით. სიჩუმეა. სიოც განაბული სთვლემს ტოტებში. ზოგან წამოიკვნესებს ბულბული და ისევ მალე წყდება მისი ჰანგი. ყვავილები ერთმანეთს ეკონებიან. მთვარემ გადაავლო ყველაფერს თვალი, დარწმუნდა რომ ყველგან მშვიდობაა, გამოესალმა აქაურობას და ისევ მიიძინა. მის მაგივრად მზემ გაუცინა კვლავ გაღვიძებულ დედამიწას. სოფლები ახმაურდნენ. ყველა ჩქარობდა წასულიყო ყანაზედ და მოეთოხნა პური, რომ წლის სარჩო შეეძინათ. ყველა ფუსფუსებდა, უმეტესად დედაკაცები. კაცები აქა-იქ სჩანდნენ, ისიც ან ძალიან ახალგაზრდები ან ბებრები. ყველა მირბოდა მდელოებისაკენ. ამ ფუსფუსში ბევრს ცრემლი ადგებოდა თვალთ. რა ამბავი იყო? აი, რა… მუშა ხელი გამოილია. რამდენმა ყმაწვილმა ბიჭმა შესწირა თავი მამულს და რამდენი სხვა ქვეყანაში იყო და თავისი სამშობლო გასაუბედურებლად დაუგდო. ამ ომმა ბოლო მოუღო მუშაობასაც და ბედნიერებასაც. რამდენმა დედამ ცრემლებთ გაგზავნა თავისი შვილი სასიკვდილოდ. რამდენმა დედამ ღამეები ლოცვაში და ტირილში გაატარა. საბრალო არსებანი. გაზარდეს რა წვალებით და ეხლა რა დღე დაადგათ. ნუთუ მაგისთვის შესწირა დედამ თავისი სიცოცხლე? რომ ვიღაცა გარეული ადამიანისთვის შესწიროს შვილი. სამშობლო, საქართველო აღარ იყო. მტერი სამშობლოს კი არ აწუხებდა, სამშობლოც უცხო პატრონს, რომელსაც მტერი უნდა მოეგერიებინა და საბრალო ქართველი წაასხა. სად არის სამართალი? ერეკლე, ერეკლევ რაზე დაგვღუპე? მათალია, შენც სხვა გზა არ გქონდა, მაგრამ რუსს რათ მიგვეცი? იმიტომ, რომ მთელი ჩვენი სიცოცხლე ვიტანჯოთ? რათ? რა დაგიშავა საბრალო ერმა, ღმერთო?
გაზაფხლია, მოალერსე, მომღიმარი, მაგრამ ეს
არავისზედ
არ მოქმედობს. მათი ფიქრები სულ სხვაგან არის. ან შვილებთან, ან ქმრებთან და ძმებთაბ, რომელნიც იქნება განგმირულნი გდიან ბრძოლის ველზედ. მოხუცებული კაცები მიიზლაზნებოდნენ მინდორისკენ. გადაგდებული თოხებით და ხორბლით. უკანაც ბავშვები მისდევდნენ წყლით და პურით, მთელი დღის საგზლით. სიმღერა აღარ ისმის. სად არის ურმული და ჰოროველა? ყოველი ხორბალი ცრემლებით ითესება. მისი მთესველი იმას არ ევედრება ღმერთს, რომ კარგი მოიყვანოს ყანა და შიგ ღვთის თვალი დატრიალდეს და თავთავმა მიწაზედ დახაროს სიმძიმისგან თავი. არა! ის ლოცულობს მისი შვილი ან მახლობელი მშვიდობით დაბრუნდეს ბრძოლიდან და მაგაზედ მეტი მას არა უნდა რა. შინაც დედაკაცი მხიარული არ არის. მოწყენით და ოხვრით ასრულებს თავის მოვალეობას. მისი ჭკუა დაბნეულია და ხანდისხნან იმას აკეთებს, რაც საჭირო არ არის. ბავშვსაც კი ესმის ესეთი მდგომარეობა. „დედა, ნუ გეშინიან, მამილო მალე მოვა, და თუ არ მოვიდა, ღვთის ნებაა, მე მალე გავიზრდები და ნახავ, როგორ შეგინახავთ“. მაგრამ ამ სიტყვებზედ ბავშვსაც სტკივა გული. დედას ამხნევებს, თითონ კი იტანჯება. სოფლის ქუჩები მთელი დღე ცარიელია. ან ყველა მინდორშია, ან სახლში ჩაკეტილი. ბალღობა ზოგიერთ ალაგას აბუზულად და მოწყენით ლაპარაკობენ. ზოგიერთნი კი, სულ პატარები, დალასლასებენ ან ყვირიან ან ჩხუბობენ. აი, ესენი არღვევენ სიჩუმეს. სახლში შეხვალ, იქ ცრემლებით არწევს დედა ბავშვს და ეუბნება: „შე საბრალო, იქნება მამაშენის ნახვა ვერ დაგცალდეს“ და ამაზედ უფრო ამოუჯდება გული საბრალოს. მხუცებული დედა კი იგონებს თავის შვილის ყოველ ნაბიჯს და დასტირის, იქნებ ჯერეთ ცოცხალს. თუ ძველად სამშობლო თავისუფალი ყოფილიყო, ნუთუ დედა არ შესწირავდა სიხარულით შვილს თავის მამულის დასაცავად. ეხლანდელი დედა დაემსგავსებოდა უწინდელს თუ კისრს უღელი არ ჰქონდა. ოჰ, მონობა რა ცუდი ყოფილა. შენ გინდა და სხვა გიშლის. რუსეთმა რაც კი კარგი გვქონდა, ჩვენი კულტურა სულ დასცა და ახალიც არაფერი შემოიტანა ენის გარდა. ამისთანა მფარველი რომ ღმერთს არ გაეჩინა, უფრო კარგი იქნებოდა. ეს მეტად ცუდი იყო გლეხებისათვის, რომლებსაც თავს დაადგნენ და ტყავს აძრობდნენ. ამ რუსობამ გლეხებიც კი ძლიერ გააფუჭა და სინდისი დაუკარგა, ნამუსიც. ეხლა თავისუფლება გამოვაცხადეთ, კვლავ დამოუკიდებლები ვართ. ამისდა მიუხედავათ გლეხი სულით და ხორცით დაეცა, დაივიწყა რწმენაც და პატიოსნებაც. იმის მაგივრათ, რომ ყველანი ერთად იცავდნენ ამ მონობისგან განთავისფლებისგან, აქ გლეხი გამხეცდა და თავის მოძმე ქართველს ჰკლავს. საზღვარი არ არის. ადამიანი დაიღუპა, გაფუჭდა. აი, რუსობამ რა შედეგ მოუტანა ჩვენს ერს. ნუთუ დადგება ის დრო, როდესაც ძველებურად აუძგერებს ყველას გულს. ღმერთო, მალე, მალე მოვიდეს ის დღე და ქედმოხრილნი მარტო შენი მონები ვიყვნეთ.
რა
იქნა ძველი ჩვენი განათლება, სწავლა და კულტურა? მანდილი გადააფარა ალბათ ყველაფერს ოხრათდარჩენილმა რუსმა. ოჰ, როგორ მძულან, მეტადრე ეხლა ამ ომის დროს და მერე… ვკითხულობ ყაზბეგის წიგნს, სადაც რუსეთის მთავრობის მოქმედებაა! ეგ ერთი ერია მგონი, ესეთი უღმერთო, უბედური, გაუნათლებელი და ღმერთისაგან დაწყევლილი. ღმერთო, მოგვიმართე ხელი.
1918 წლის 20 მაისს. 10 საათი საღამოსი. თბილისი
***
დღეს დაგვიდგა უბედური დღე.
დღეს შემოვიდა გერმანელის ჯარი და ქართველები ე.ი. ჯარი სიმღერით დაუხვდა. ჩვენც წავედით სანახავად. რა სურათი წარმოგვიდგა თვალწინ: ჩასუქებული, ჩასხმული, მხარბეჭიანი გერმანელები ხიშტებით ხელში შუა ქუჩაში იდგნენ რიგრიგად და ხალხი მათ გარს შემოხვეოდა, მათ ისეთი შეხედულება ჰქონდათ, თითქოს უნდა ადამიანი შუაზე გაეგლიჯათ. წარბშეხრილნი და გამგელებულნი… პარადი იყო. მე ასეთი გრძნობა მქონდა, ვითომ ვიღაცა ახლობლს ასაფლავებდნენ. მღეროდნენ ქართველები, მაგრამ გულში რა ჰქონდათ? სევდა და დაღონება. მოვიშორეთ ერთი ბატონო. მონობისგან გავთავისუფლდით, ახლა კი ახალი უღელი დავიდგით. ღმერთო, ზეციერო, რა დაგიშავა ამ პატარა ერმა, რომ მთელ თავის ჯავრს ჩვენზედ იყრი?
იმ
საშინელ დღეს მიდიოდა ორი ჯარი – ქართველები და გერმანელები. ხალხი ბუზებივით ირეოდა. ზოგი იცინოდა, მხიარულობდა, ზოგი კი სდუმდა და სევდას ეძლეოდა. ჩემზე ამან ისე იმოქმედა, რომ ტირილიც კი მინდოდა. აი რისთვის ვიბრძოდით, აი ნაყოფი წარმოუდგა ახლა ყველას. რა საზარელი შეხედულება აქვთ: ჩასხმულები, მხარბეჭიანები, გოჭივით ჩასუქებული ცხვირ-პირი და სასტიკი გამომეტყველება. ჩემს უკან მოდიოდა ორი რუსი. ერთმა მათგანმა სთქვა, როცა ქართული სიმღერა გაიგეს: пой ласточка, пой,
и могилу себе рой! აი რუსების უკანასკნელი გამომშვიდობება, ამ სიტყვებით მოგვეგებნენ. ეს აზრი დაგვილოცეს მათ.
1918 წელი, 12 ივნისი
***
…ჩვენ წინ გაიარა პაოლო იაშვილმა. მასთან ჩემი შორეული ნათესავი იყო. მე დავუკარი მას თავი. პაოლომ შეამჩნია… ისე მიყურებდა, რომ ძალიან გამიკვირდა… ბოლოს, ერთ კუთხეში დავდექით. ჩვენ პირდაპირ დადგნენ პაოლო, ტიტე ტაბიძე და ორი პოეტი, არ ვიცი მათი გვარები. მე ვდგევარ და ვწითლდები. ყველანი მე მიყურებენ… ელიჩკამ ხომ გამიწყალა გული – “იჰ, მარო, ნუ ღელავ, ნუ წითლდები…” პაოლოს უკითხავს ჩემზედ, ვინ არის ესო. ნინა მაყაშვილი ეუბნება: “ეს კოტე მაყაშვილის ქალიაო. “კოტესი!” გაუკვირდათ, ყველანი მობრუნდნენ, დამიწყეს ყურება. პაოლომაც. მე გავწითლდი, მოვავლე ხელი ქეთოს და გავიქეცით…
1918 წლის 12 ივნისი
***
რა
ვიცი, თითქოს ჯერ კარგად ეპყრობიან გერმანელები ქართველებს. გუშინ ლაპარაკობდნენ, თითქოს სომხები რაღაცას სთხოვდნენ გერმანელის უფროსს, მაგრამ მან მიაძახა: ჯერ ქართველებს და იქნება თქვენცაო. ქართული და გერმანული ჯარი ბრძოლაში იყო და ორი ქალაქი დაიხსნა. თანდათან იქნება დისციპლინას შეგვაჩვიონ. ჩვენ ხალხში ეგ საჭიროა. ეკონომია და ყველაფრის გაზომვა უნდა შევითვისოთ, თუ გვინდა, რომ ვიარსებოთ. იქნება გერმანელებმა მაინც კარგ გზაზე დაგვაყენონ.
ყოველი სოციალისტის ლაპარაკში ეხლა ნაციონალურ – პატრიოტული ელემენტიც შეიპარა. ყველამ იგრძნო, რომ
საქართველოში სოციალისტობა შეუძლებელია. მაგრამ სოციალისტებს არ
უნდათ, რომ სხვებმა ჩააჩუმონ ისინი და მაინც მაგ პარტიას აღმერთებენ. აი რა ხდება ეხლა საქართველოში, რომელიმე ქართველი მეფე ამას წარმოიდგენდა? ამაზედ ფიქრიც კი ეშინოდათ. ოჰ! თამარ, სად არის შენი ბრწყინვალე დრო და ან შენი – დავით აღმაშენებელო.
იქნება სხვები ამას არ
ხედავენ, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულად ეღირსება ამ ბედშავს ერს თავისუფლება. მაშინ იქნება აუწერელი ბედნიერება. ყოველი ადამიანი მას აღტაცებით მიეგებება, როგორც მშობელს. მაშინ მზეც მხიარულად გაანათებს და გაათბობს არეს და მთვარეც გაანათებს ძველ კვალს, რომელიც სიმართლისკენ მიდის.
ეხლა მინდა ცოტა ჩემ
თავზეც ვილაპარაკო. მე იმიტომ გადმოვიტანე ჩემი დღიური აქ, რომ ძველი მეზიზღება. იქ არასასიამოვნო (ეხლა) ჩემთვის ამბები და ჩემი გრძნობები არის. მერე იმაში წერაც არ მიმიწევს, რადგანაც სულ დაჯღაბნულია. ერთი ფურცელი არ არის რომ რამე წაშლილი არ იყოს, კარგიც ვქენი. ძველი ყველაფერი დავივიწყე და ახალ გრძნობას მივეცი.
,,новым чувсвом всемм
сердсем отаался
как ребёнок душою я
стал
и я сжёг всё, чему поклонялся
поклонился всему, что
сжигал.”
ეს
ოთხი პწკარი ჩემ დღიურებში მესამედ არი გატარებული, რადგანაც ამ სტრიქონებში მე ვხედავ იმას, რაზეც წინათ ბრმა ვიყავი. მართლა, რომ დავწვი, რასაც წინად თაყვანს ვცემდი. უფრო ცუდი სულ წავჯღაბნე ისე, რომ მარტო შავი ხაზები დარჩა დაწერილ სიტყვებს მაგივრად. როცა ვშლიდი, აი სწორედ მაშინ სურვილი მქონდა დღიური მთლად დამეხია, მაგრამ თავი შევიკავე, რადგან იქ ბევრი სხვა რამ მქონდა ისტორიული და უფრო საინტერესო. და ამიტომ, ისე დავარჩინე.
1918 წელი. 16 ივნისი
***
…ამას წინად მეხუთედ შემხვდა “ის”. არ ვიცი არც მისი სახელი და არც გვარი. ძალიან მომწონს. კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო. როგორც შევხვდები ხოლმე, ისიც მიყურებს. არ ვიცი, რისთვის. იმიტომ, რომ ვწითლდები, თუ… ღმერთო, გამაგებინე, ვინ არის… ამას წინად თეთრ ჩოხაში ვნახე, შესანიშნავი იყო… რაღაც მემართება. ახლა ძალიან შემემჩნა მარტოობა. მინდა დედა მალე ჩამოვიდეს, მოწყენით ვარ…
1918 წელი. 28 ივნისი
***
…მინდა საზღვარგარედ ძალიან და ძალიან. წავალ უსათუოდ. სწავლის შემდეგ ერთ წელიწადს ვიმსახურებ, მოვაგროვებ ფულს და გავუადვილებ ჩემს მშობლებს ამითი… ძალიან მინდა პარიზში და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს?
20 მარიამობისთვე
***
…თუ გავთხოვდები, ქმრის კისერზედ არასგზის არ ვიქნები. ჩემთვის ვიმუშავებ და ჩემთვის ფულს შევიძენ. რა სამართალია, სხვისი ამაგით ცხოვრება. მე მაგის წინააღმდეგი ვარ.
17 ენკენისთვე
***
…ეჰ! რა დროს პირად გრძნობაზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება საქართველოს ბედ-იღბალი. გათავდა მსოფლიო ომი. ვიფიქრეთ, პატარა და დიდი მტრები ეხლა მოისვენებენო. არა! ახლა პატარებმა, უმნიშვნელო, უსინდისო და კიდევ სხვა ერმა – სომხებმა გამოუცხადეს ომი! მერე ვის? ქართველებს. ლაჩრები. რამდენი სიკეთე ვუყავით, ათასობით ლტოლვილი, გლეხები, შიმშილს და სიკვდილს გადავარჩინეთ, მეზობლებათ და მეგობრებათ ვთვლიდით… გუშინ ულტიმატუმი წამოუყენა სომხის მთავრობამ ერივანისა – ქართველებს. ახალქალაქი, ახალციხე, ჯავახეთი დაგვიცალეთო, თბილისი ნეიტრალურ ქალაქად გახადეთო. შორიდან გულადები, უნამუსოები… ეხლა ისე დავეცემით და გავლაჩრდებით, რომ ესენი ავასრულოთ? სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ. ქართველი ძალიან მომთმენია, მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. მსხვერპლი დიდი იქნება. აი, რა არის საშიში, ღმერთო! ნუთუ მაგისთანა უსინდისო ხალხზე შენი კურთხევა წამოვა! არა მგონია, არა! მაშ დაიცადეთ, მგონი, დაგავიწყდათ ქართველების მუშტის გემო!!! ძალა რომ მქონდეს მე… რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობისა.
10 ოქტომბერი, 1918 წელი
***
…თბილისი თანდათან ივსება ინგლისელების ჯარით… ხან ფრანგები გვეწვევიან, ხან გერმანელები, ხან სომხები. ახლა ინგლისელები. რას გააკეთებენ აქ, არ ვიცი… თანდათან რაღაც მეპარება მე გულში. რაღაც ახალი გრძნობა, ტკბილი, სასიამოვნო. ერთ ვინმეს რომ დავინახავ ხოლმე, გული ძგერას დამიწყებს და სისხლი თავში ამივარდება. მე არ ვიცნობ მას. არ ვიცი მისი სახელი, ამგვარი ნეტავ ვინ არის? მაგრამ მგონია, გავიგებ მალე.
17 დეკემბერი
***
…მდგომარეობა უცვლელია. დენიკინი ჯარით არც ახლოვდება, არც მიდის. კრებები გაუთავებელია. ამ დღეებში მობილიზაცია მოხდებაო. ოჰ! როდის უნდა ამოვისუნთქოთ თავისუფლად. როდის აყვავდება წალკოტივით ჩვენი ქვეყანა. რათ ვუნდივართ ჩვენ სხვებს… დაგვანებონ თავი…
…აბა, რას ვერჩით დენიკინს, რა უნდა ჩვენგან? არა. ქართველი ერი მხნე და გულადი არის, არავის დაანებებს თავის სამშობლოს. სამშობლოსადმი სიყვარული უდიდესია, სხვა ყველა გრძნობაზე მაღლა სდგას, შეებრძოლება მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდის. შეებრძოლება და ან სიკვდილი, ან გამარჯვება.
4 იანვარი, 1919 წ.
***
“გუშინ სასწავლებელში გვქონდა დიდი საღამო-ბალი. ჯერ მანამ ეს გაიმართებოდა, დიდ ფუსფუსში ვიყავით, ვღელავდით და გვეშინოდა, რომ ცუდათ ჩაივლისო, მაგრამ ჩვენი მოლიდინი არ გამართლდა. 7 საათზე ხალხმა დაიწყო თავის მოყრა. სანამ კონცერტი დაიწყებოდა, რაღაც უცხო ხალხი იყო, მოსწავლეები და წვრილფეხობა. სასიამოვნო არ იყო. თამარა ილინიშნამ მე, ქეთო და ვავა საჩაიეს ოთახში დაგვაყენა. ბუფეტი შესანიშნავი იყო. ბევრი რამის გემოც ვნახეთ. 9 საათზე არტისტებიც მოვიდნენ: ვანო სარაჯიშვილი, ინაშვილი, სპიტკო. გავიცანით ინაშვილი. წინად უფრო მომწონდა, როცა ახლო გავიცანი არ მომეწონა. რას ნიშნავს ახლო? აი, როცა დაველაპარაკე, ახლო ვნახე მისი სახე. შორიდან უკეთესია. თავისი სურათები გვაჩვენა დემონში გადაღებული. პირველმა სპიტკომ იმღერა, რადგანაც კომერციულ სასწავლებლის საღამოზედაც იყო მიწვეული. სწორედ იმ საღამოს თითქო ჯიბრზე კომერსანტებმაც გამართეს ბალი. კონკურენცია იყო ჩვენ და მათ შორის. საკონცერტო განყოფილება ძალიან კარგი იყო. 12 საათზე ცეკვა გაიმართა. ბევრი ვითამაშე, ძალიან დავიღალე კიდეც. თვალებიუ მიჭრელდებოდა, როცა მაგდენ თავებს ვხედავდით. კორიდორებში გამოვედით დასასვენებლად, როცა გოგა, მე, ქეთო, გუგული და ბევრი სხვა ჩვენი ჯგუფისა შევედით პატარა სასტუმრო ოთახში და ცალკე ცეკვა გავმართეთ. იქვე როიალი იდგა, გუგული მამაცაშვილი უკრავდა. ჩვენ კი ყველაფერს ვცეკვავდით, ტანგოსაც კი. მერე ჩაჩნური მათამაშეს, ყველას ძალიან მოეწონა. მუსიკა მშვენიერი იყო. ხალხი ძალიან ბევრი იყო და კინაღამ ჩხუბი არ მოუვიდათ ზოგიერთ სამხედრო პირებს, მაგრამ გააშველეს. 11 საათზე პაულო იაშვილი მოვიდა. მივესალ;მეთ და ყვავილები მივეცით. შემდეგ კოპალიც მოვიდა და ვახშმისთვის სულ კარგი ხალხი დარჩა. პირველ საათზე თუ ორის ნახევარზე ვახშამზე დასხდნენ. პაულო პულუმბაშათ იყო. აუქციონზე შამპანური ორ ათასად გაჰყიდა. ძალიან ყვიროდა და დაიღალა. ესტრადაზე მე და ქეთო აგვიყვანა და იქ გვეჭირა ბოთლი. სხვები ფულს აგროვებდნენ. კაბარეს დროს პაულომ და კოპალმა ლექსები წაიკითხეს. სახაზინო თეატრიდან მოიპატიჟეს მოცეკვავეები და მომღერლები. ძალიან კარგი იყო. ჩემ მაგიდიდან ბლომად ავიღე ფული. ძალიან ბევრნი მოვიდნენ კომერციულ სასწავლებლის საღამოდან ჩვენ ვახშამზე. 4 საათზე ხალხო წავიდ-წამოვიდა. თამარ ილინიშნამ ძლივს გააბრძანა ზოგიერთი მთვრალი სამხედრო პირი. მერე დავრჩით მე, ელო, ტასო, ნიცა, ბეჟანიშვილი და რცხილაძე. თითქმის მთელო მეექვსე კლასი, ზოგიერთნი VI-ა-ადან, პაულო, ლელი, კოპალი, ყველა მასწავლებლები, დირექტორი, გამგე თავის მახლობლებით, 8 აფიცრებამდინ, სუნანა, მედია, აფხაზი ნიკუშა და სხვ. გავმართეთ ცეკვა. მუსიკა წავიდა და როიალზე უკრავდით. აქ უფრო კარგად გავატარეთ დრო, მე პირველად ვიყავი საღამოზე და ისე ნასიამოვნები არასოდეს არ დავრჩენილვარ. მათამაშეს ჩაჩნური. პაულო და კოპალი არ მშორდებოდნენ. იცინოდნენ და მიხაროდა, რომ ჩემ მიერ დაპატიჟებულნი კარგად ატარებდნენ დროს. ხუთ საათზე ვახშამი გაგვიშალეს. ერთი უშველებელი საერთო მაგიდა. ქეთო 4 საათზე წავიდა. მეც მეუბნებოდა, მაგრამ ამხანაგებმა დამარჩინეს. ჩვენი გერმანულ ენის მასწავლებელი ძალზე დაითვრა და ყველას ქათინაურებს ეუბნებოდა. საცინელი იყო ციმთვრალეში და ცეკვაში. ბ-ნი ლეოც ჩამოვიდა ზუგდიდიდან ჩვენ საღამოზე. ძალიან გაგვეხარდა და ისიც გახარებული იყო. როცა ცოტ გადაჰკრა, აღარ გვშორდებოდა, გვეხუმრებოდა და ოხუნჯობდა. ვახშმის დროს დირექტორმ მოგვილოცა ჩვენ და გვისურვა ბედნიერება. მან სთქვა: მე მინდა, რომ თქვენ ცხოვრებაში თქვენი აზრით და ჭკუით იყოთ და არავის, არავის არ მიბაძოთ, მაგაზე საშინელება არაფერი არ არის. მერე პაულომ და კოპალმა დალიეს, ალავერდი ჩემთან იყო. დაუკრეს ჩაჩნური, ვიცოდი, რომ მათამაშებდნენ. გავიქეცი და დავიმალე სხვა ოთახში. ყველკანი გამომეკიდნენ ” კნიაჟნა”, “კნიაჟნა”! სულ ერთია, არ დაგანებებთ თავსო, მანამ არ ითამაშებთ. რა მექნა, მეც დავსთანხმდი. ტასო და რცხილაძე აქ ძალიან დაითვრნენ. ტასო ძლივს იჯდა სკამზე. ხან მე დამადებდა მხარზე თავს, ხან ელოს. მეც სანაძლეოზე ვჭყიპავდი. რცხილაძე ხომ კინაღამ მოკვდა. სულ გასულელდა და რაღაცეებს ბუტბუტებდა. ოჰ, რამდენი ვიცინეთ.
8 საათზე სახლში დავაპირეთ წასვლა. არ გვიშვებდნენ, მაგრამ მაინც წავედით. მე-6 კლასი და დანარჩენი წინ წავიდნენ. ვაჟები, მე, სუნანა და მედია ერთად გამოვედით. აი, აქ იყო, რაც იყო. სახლამდინ არ მომიკუმია პირი, გიჟივით ვიცონოდით. სასწავლებლიდან რომ გამოვედით, პაულომ მოტეხა ერთი დიდი ტოტი ხისა, შუა ქუჩაში დადგა და ყვირილი დაიწყო, გაიღვიძე, მინისტრო ევგენი გეგეჭკორო! გეგეჭკორი იქვე სდგას (ცხოვრობს). ქუჩაში ვინც კი არ შეხვდებოდა ხელს ართმევდა, ქუდს უხდიდა და ჰკოცნიდა კიდეც. ერთი “ტაჩკა” დაინახამ შიგ ჩაჯდა და ყვირის მცხეთაში მივდივარო, იმ დღეს კურთხევა იყო კათალიკოსის ლეონიდის. იქიდან ჩამოაბრძანეს, ისე ვხმაურობდით, რომ ყველა ფანჯარაში იყურებოდა ღამის საცვლებში. პაულო და კოპალი ქუდს უხდიდნენ და კოცნას უგზავნიდნენ. პირველნი სირცხვილისგან იმალებოდნენ. შეგვხვდა ერთი დროგი ჭარხლით. პაულომ მისცა მედროგეს 5 მანეთი და 4 დიდი ჭარხალი ამოაცალა და გადმოგვიგდო, ერთი საჩაიეში შეიტანა და უთხრა, სადილისთვის ჭარხლის სუფი გამიკეთეთო. მეორე მუშას ჩაუჩხირა პირში. ორი ვირი მოდიოდა, ზედ შეაჯდა და გარეკა. ტრამვაი გაივლიდა დ თავს უკრავდნენ ყვირილით: “Здравствуй
душечка. Оля, Маруся, Таня!..” კოპალი და ერთი ავიატორი ციციშვილი აჰყვა. როცა სახაზინო თეატრს მიუახლოვდით მუსიკის ხმა მოგვესმა. დავინახეთ ქართული ჯარი ქართული დროშით მიმავალი მცხეთაში. კოპალმა და პაულომ ორი უშველებელი თაიგული იები გვიყიდეს. მე და სუსანას ყველაზე დიდები მოგვცეს. დავდექით შუა გზაში და ჯარი რომ მოგვიახლოვდა, ყველას დაურიგეთ პატარ-პატარა თაიგულები და მერე თავზე ვაშას ძახილით გადავაყარეთ. ჯარი შედგა და ქართული სიმღერა დასძახეს. პაულომ ექსპრომტები უთხრა. მერე ჯარს უკან მარშით გავყევით. ხალხი გვიყურებდა და უკან მოგვდევდა ცქერით. ყველა ფანჯრებიდან გვიცქერდნენ. 9 საათი იყო. ხალხი ძალიან ბევრი იყო. დავეწიეთ დანარჩენ მოწაფეებს დაყველა ერთდ წავედით. პაულომ, ციციშვილმა და კოპალმა დაინახეს ერთი მზარეული, რომელიც ფანჯარაში იდგა. რკინის ღობე ჰქონდა გაკეთებული. როგორც ნადირის, ისე ბრაზება დაიწყეს, თითს აჩვენებდნენ. ეღრიჭებოდნენ. იმანაც ვეღარ მოითმინა და წყალი შეასხა. ერთი თათრის დუქანში შევიდა პაულო, აიღო დიდი ვაშლი და მთელ ქუჩაში მიყვირის, მარო, მაყაშვილის ქალო, ვაშლი, ვაშლი დაიჭირეო და გადმომიგდო. მე ძლივს დავიჭირე. მერე აიღო რაღაცა და მეუბნება, რა მაქვსო თქვენთვის, რაო! მე მივედი და ხახვი ჩამიდო ხელში.
ჩაგვაცივდნენ მცხეთაში უნდა წამოხვიდეთო თქვენ და
სუნანაო ავტომობილით…”
1919 წელი. 23 თებერვალი.
***
1919 წ. …მთვარის შუქზე ვწერ ჩემს დღიურს, სასიამოვნოა…
გუშინ, არ
ვიცი, რათ, მგალობლიშვილებთან ამივარდა საშინელი ქვითინი, ისეთი, რომ თითქმის 1 საათი ვტიროდი. ამომიჯდა გული. ვეკითხები ჩემ თავს, რა არის, მაგრამ იგი სდუმს და პასუხს არ მაძლევს. რა მიზეზია, არ ვიცი…
30 ივლისი …საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.
შენი მარო